
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.
აპრილი-მაისის პერიოდში პროექტის ფარგლებში 44 ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
ტრენინგების მიზანი ახალგაზრდებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება და კატასტროფების მიმართ უსაფრთხო და მდგრადი ქცევის ხელშეწყობაა.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების არსი, კლიმატის ცვლილების გავლენა გარემოსა და ადამიანის ცხოვრებაზე, საქართველოში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეები, საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების წესები და ეფექტიანი მოქმედების მექანიზმები, ასევე გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის თანამედროვე მიდგომები.
ტრენინგები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, დაესვათ კითხვები და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაეღრმავებინათ ცოდნა.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და თემებს, სადაც კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი საფრთხეების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია.
პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე შვიდი წელია ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის ფარგლებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რაც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, კლიმატური რისკების გააზრებისა და უსაფრთხო ქცევის კულტურის ფორმირებას უწყობს ხელს.