
ლაშა ბუღაძე „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს „მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას“ უწოდებს, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილეებს – „არაზრდასრულ კაცებს“.
ბუღაძე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.
როგორც ბუღაძე აცხადებს, ოპოზიციამ ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, მაინც უნდა შეახსენოს, „ვინაა ქვეყნის მტერი“.
„ცხადია, სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს… ნოდარ ნათაძემ რომ ბორჯომი შეასხა ვახტანგ რჩეულიშვილს და ორივეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეგონა ეს ფაქტი, ვიდრე საკუთარი უმნიშვნელობის აღქმა პრობლემებში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის…
ალბათ არც პრესკონფერენციის გამართვა ღირს ამხელა საფრთხეზე ჩვენი მოქალაქეებისათვის და არც იმაზე რეაგირება, რა ხდება ოცნების თავს თუნდაც მარკო რუბიოს განცხადების მერე. ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს… ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!“, – წერს ბუღაძე.