
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე დედაენის ბაღში მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებებით აღნიშნა.გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში დედაენის ბაღში მოეწყო თემატური სივრცეები, სადაც ბავშვებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით ვიქტორინებში, შემეცნებით თამაშებსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობაში. გაიმართა მუსიკალური პროგრამა, ანიმატორების წარმოდგენები, ფლეშმობი, ნერგების დარგვის აქტივობა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოვება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, გარემოს დაცვა მხოლოდ ერთი უწყების ან ერთი დღის პასუხისმგებლობა არ არის ეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური არჩევანია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ბავშვები და ახალგაზრდები, რადგან სწორედ ისინი ქმნიან მომავალს, სადაც გარემოზე ზრუნვა ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი იქნება.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს ინიციატივით ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 2026 წლის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია: „ბუნებით შთაგონებული – კლიმატისთვის – ჩვენი მომავლისთვის“.
„ღონისძიების მიზანიიყო სწორედ კლიმატის ცვლილების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და მოქალაქეების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების, აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ცენტრი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცოდნის გავრცელებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გარემოს დაცვის პროცესში.“-განაცხადა თამთა დევდარიანმა. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გარემოზე ზრუნვის, კლიმატის ცვლილების მიმართ პასუხისმგებლობისა და მდგრადი მომავლის შექმნის მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპეციალური ინტერაქტიული ინსტალაცია – „მწვანე პლანეტის კედელი“, სადაც მონაწილეებმა დატოვეს საკუთარი გზავნილები და სურვილები თემაზე: „როგორი მინდა იყოს ჩემი პლანეტა“. ინიციატივის მიზანი იყო მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ხედვებისა და იდეების წარმოჩენა გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) – პროექტის გახსნითი ღონისძიება და პროექტ „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოვება.