გიორგი გამსახურდია: ფსევდო-ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია ბიძინა ივანიშვილი – მთავარი ავტორიტეტი და იმ პოლიტიკის შემქმნელი, რამაც ქვეყანას 14-წლიანი სტაბილურობა მოუტანა და სუვერენიტეტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა

რა თქმა უნდა, ფსევდო-ოპოზიციის სამიზნეები არიან გუნდის ლიდერები, მაგრამ მათი და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული სამიზნე და დარტყმის ობიექტია, ბიძინა ივანიშვილი, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის შეფასებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ზოგიერთებმა წუნი დაუდეს, მაგრამ თავადაც იციან რომ ეს რეალობაა.

გამსახურდიას განცხადებით, მთავარი პოლიტიკური საკითხები სწორედ ბიძინა ივანიშვილთან უნდა თანხმდებოდეს, ვინაიდან, დღევანდელი ყველა ხელშესახები პოზიტიური მოვლენის შემოქმედი სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა.

“დიახ, ბიძინა არის მთავარი ავტორიტეტი და პოლიტიკის შემქმნელი, იმ პოლიტიკის, რამაც ქვეყანას 14-წლიანი სტაბილურობა მოუტანა და სუვერენიტეტი, ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა. ეს უნდა იცოდეს ყველამ, როგორც გარეთ, ისე შიგნით. ვიღაცებმა, პრემიერ კობახიძის შეფასებას, ბიძინა ივანიშვილზე, წუნი დაუდეს, მაგრამ თავადაც იციან რომ ეს რეალობაა. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ დიახაც, მთავარი პოლიტიკური საკითხები თანხმდება და უნდა შეთანხმდეს ბიძინა ივანიშვილთან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, დღევანდელი ყველა ხელშესახები პოზიტიური მოვლენის, არქიტექტორი და შემოქმედი, არის ეს კარგი ადამიანი და სწორედ მას მიიჩნევენ შიგნით და გარეთ, ავტორიტეტად. თქვენც, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, როდინობის კვირაში, თქვენც გყავდეთ თქვენი ავტორიტეტი, ზურა გირჩი, ან კიდევ ვინმე მსგავსი. ვინ გიშლით?” – წერს გიორგი გამსახურდია.

Back to top button