გიორგი ბარამიძე გრიგოლიას: ჩემო ინგა, ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან არავის „გაუგდია“, „ხაბემ“ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60% , ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით „მოუწყვეს“ და „გააგდეს“?!

ჩემო ინგა, დიდი პატივისცემით. გუშინ ნანუკასთან ერთად თქვენს ეთერს ვუსმენდი და თხოვნა მაქვს (გარემოების დრამატიზირების თუ სხვა მიზნით) ფაქტობრივ უხეშ შეცდომას, ეთერში ნუღარ გააჟღერებთ! – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, ინგა გრიგოლიას მისამართით და აცხადებს, რომ მან ეთერში ორი შეცდომა დაუშვა.

როგორც ბარამიძე აცხადებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან არავის გაუგდია, ვინაიდან, იგი ლევან ხაბეიშვილთან არჩევნებში დამარცხდა. ის, ასევე, უარყოფს „ნაცმოძრაობასა“ და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის დაპირისპირებას და იმედს გამოთქვამს, რომ გრიგოლია ამ შეცდომებს უახლოეს ეთერში გამოასწორებს.

„1. ნიკა მელია ენმ თავმჯდომარეობიდან (მოუწყვესო და უხეში ფორმებით გააგდესო) არავის „გაუგდია“! პარტიის წესდების შესაბამისად, პარტიის წევრების საინიციატივო ჯგუფმა პოლიტსაბჭოზე პარტიაში თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა, რაც ენმ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიიღო და მოიწონა (გამოწვევა ღირსეულად მიიღო). არჩევნების პროცესს მხარი პოლიტიკურმა საბჭომ დაუჭირა. შეიქმნა არჩევნების ჩატარების წესის შემმუშავებელი კომისია, რომელსაც თქვენი მონამორჩილი ვხელმძღვანელობდი, სადაც ყველა (ანუ 4) კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ჯერ ერთად კონსენსუსით, შემუშავებული წესის 2 ვარიანტიდან, ენმ პოლიტსაბჭომ, ერთხმად (ხაზს ვუსვამ) მიიღო ის წესი, რომელი წესიც ნიკა მელიას გუნდმა წარმოადგინა.

ანუ ხაბეს გუნდი დათანხმდა ნიკას გუნდის მიერ მხარდაჭერილ საარჩევნო წესს. (გააგდეს ჰქვია ამას!?)

ამის შემდეგ შეიქმნა არჩევნების ჩატარების (ერთხმად მიღებული წესით) კომისია, რომელსაც კობა ნაყოფია ხელმძღვანელობდა და გამოცხადდა არჩევნები, სადაც ენმ წევრთა და მხარდამჭერთაგან დაახლოებით 50 ათასმა წინასწარ (საერთო შეთანხმების წესით) დარეგისტრირებულმა ადამიანმა მიიღო. ეს რეგისტრაციაც იყო კანდიდატთა ორივე გუნდის მიერ გაკონტროლებული და არასანდო დარეგისტრირებული (სავარაუდო ქოცები და რუსები) და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებებით გაცხრილული.

და ამ 50000 ადამიანმა დაძაბული საჯარო პოლიტიკური კამპანიის (გააგდესო!?)

შემდეგ აირჩია ენმ ახალი თავმჯდომარე. ხაბემ მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 60%, ხოლო მელიამ 40% და ამ ყოველივეს თქვენ ეძახით „მოუწყვეს“ და „გააგდეს“!? მოგეხსენებათ მე არც ერთი კანდიდატის მომხრე არ ვიყავი და მინდა სრული გულწრფელობით ვთქვა რომ ნეტა სხვაგანაც და მთელს საქართველოშიც ასეთი გახსნილი და კონკურენტული, სამართლიანი წესით და გარემოთი ტარდებოდეს არჩევნები!

არჩევნების შედეგები ერთხმად (ნიკას და ხაბეს გუნდის წევრების სრული მონაწილეობით) დაამტკიცა პოლიტიკურმა საბჭომ! ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა ღირსეულად აღიარა არჩევნების შედეგები და მიულოცა გამარჯვებულს !!! ესაა „მოუწყვეს“ და გააგდეს!? მეორე საკითხია რომ ამ ყოველივეს შემდეგ, გამარჯვებული გუნდის წევრებმა დიდი შეცდომა დაუშვეს და არჩევნების დასამტკიცებლად გამართულ ენმ ყრილობაზე, ჩემთვისაც (და ბევრი სხვისთვისაც) მოულოდნელად, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის საკითხი დააყენეს (იურიდიულად ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ მორალურად არა) და ახალ პოლიტსაბჭოში არ აირჩიეს ზოგიერთი ის (მათ შორის ძალიან ღვაწლმოსილი) ადამიანი, ვინც მელიას გუნდში იყო და ასევე არ შეიყვანეს თვით ნიკაც, რომელსაც სულ ახლახან პარტიის ამომრჩევლის 40% -მა დაუჭირა მხარი. რაც ცხადია არასამართლიანი და არასწორი იყო.

მეორეა ნიკას გულში რა აზრები და მიზნები ჰქონდა. მერე კი დადასტურდა რომ ნიკას თურმე მიშასადმი დიდი ანტაგონიზმი ჰქონია, მაგრამ ეგ არ ცვლის მთავარს იმ მომენტისთვის.

ამიტომ ნიკა ენმ თავმჯდომარეობიდან „მძიმე ფორმით გაშვება და გაგდება“ არავის მოუწყვია.

პოლიტსაბჭო სხვაა. ამის მიუხედავად ჩემი აზრით, პარტიიდან გასვლა თავის მხრივ არასწორი იყო.

კარგად მოგეხსენებათ განსხვავება რა არის „გაგდებასა“ და კანონიერი და სამართლიან არჩევნებს შორის. ამ ყველაფერზე სხვაგანაც და თქვენს ეთერშიც არაერთხელ მაქვს ნასაუბრები.

2. თქვენ ღია ეთერში ასევე თქვით რომ თითქოს ენმ და „ალიანსს“ შორის არის „დაპირისპირება“!? ეს არაა სიმართლე.

ენმ-ს არანაერი „დაპირისპირება“ „ალიანსთან“ სადაც 9 პარტია ვართ, არ აქვს!! ის რომ ალიანსში არიან ზოგი პარტიები ვისაც არ მოვწონვართ და ხანდახან აგრესიულად თავს გვესხმიან, არ ნიშნავს რომ ყველა ასე ფიქრობს და ასე იქცევა.

ამ 2 საკითხზე ამდენი იმიტომ დავწერე, რომ თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ მეც და საზოგადოებაც და ისე რომ არ გამოგივიდეთ რომ თქვენ (მჯერა უნებლიედ) საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეთ.

იმედი მაქვს უახლოეს ეთერში ამ შეცდომებს გაასწორებთ. დიდი პატივისცემით“, – წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button