ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების კადასტრის პროგრამა დაასრულა

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. შედეგად, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093ნაკვეთის შესახებ.

“ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამავე დროს, ვენახების კადასტრი უზრუნველყოფს რთველის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარების პროცესს. ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას ნერგავს.

2021 წელს, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. რთველი 2021-ის ფარგლებში, ორივე რეგიონის ყველა მევენახემ, ჯამში 23 ათასმა, ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.

2022 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.

ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ. – შეგროვებით იქმნება” – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Back to top button