არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა – რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

„რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „არავის საქმე არ არის, როგორი უნდა იყოს ფრანგული და ევროპული კანონი“. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, სრულიად ბუნებრივი კითხვები ჩნდება. თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა – რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა მწვავე შეფასებები, პოლიტიკური წნეხი, არასამთავრობო სექტორის ნაწილის კამპანიები, ქვეყნის გარედან მართული უპრეცედენტო პროცესი და საზოგადოების დარწმუნების მცდელობა, თითქოს საქართველო დემოკრატიულ გზას სცდებოდა და ევროპულ მომავალზე უარს ამბობდა.

„საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ საქართველო საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად მიიღებდა, ამას ექნებოდა მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. საინტერესოა, სად არიან დღეს ის ადამიანები, ვინც გუშინ კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს მიერ სუვერენული უფლების ფარგლებში კანონების მიღება მიუღებელი იყო? რატომ აღარ ისმის იგივე შეფასებები მაშინ, როდესაც თავად ევროპული სახელმწიფოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო პროცესი მათი სუვერენული უფლებაა? რატომ არ უჩნდებათ კითხვები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ დემოკრატიაზე, სამართლიანობასა და ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ თავად ევროპის წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები მათ შორის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოლიტიკური და დიპლომატიური წრეები, არ გამორიცხავენ კომუნიკაციას, მოლაპარაკებებსა და კონტაქტებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან? რატომ არ ისმის ასეთ დროს კატეგორიული შეფასებები? რატომ არ არის შეშფოთება და აღშფოთება? რატომ ვერ ვხედავთ მღელვარე კამპანიებს? სწორედ ასეთ დროს ჩნდება ბუნებრივი კითხვა – საქმე ნამდვილად პრინციპებს ეხება თუ პრინციპების შერჩევით გამოყენებას. თუ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პოლიტიკურ შეფასებას იღებს, მაშინ უკვე ჩნდება კითხვა: საქმე რეალურ პრინციპებს ეხება თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას?“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ასევე, გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე ევროკავშირში გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რეალური პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

„ეს განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: თუ ევროკავშირის გაფართოების საკითხი მხოლოდ ომის შემდეგ გახდა რეალურად აქტუალური – რამდენად სწორი იყო მანამდე საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ინტეგრაცია მხოლოდ რეფორმებზე, სტანდარტების შესრულებასა და ფორმალურ მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული? გამოდის, რომ ამ პროცესში პოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ინტერესებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: საქმე ხომ არ გვქონდა თვალთმაქცობასთან? თუ დღეს საუბრობენ, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ ომის შემდეგ გაჩნდა გამოდის, რომ გაფართოების მიმართულებით ღირებულებით, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ საკითხებზე მუშაობა ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებდა, რომელსაც ფაქტობრივად, ლოგიკური დასასრულის პერსპექტივა არ გააჩნდა.

აქ ჩნდება კიდევ ერთი ბუნებრივი კითხვა, რომელიც რატომღაც არ უჩნდებათ არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და არც ყოველმხრივ განსწავლულ, დასავლური პოლიტიკური არქიტექტურის სიღრმისეულად მცოდნე, ძლიერი პროგნოზების გაკეთებითა და ექსპერტის სახელით ცნობილ ადამიანებს – თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ეგრეთ წოდებული „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“? და ბოლოს – თუ გეოპოლიტიკურმა გარემომ შექმნა ახალი შესაძლებლობები, რატომ წარმოაჩენდნენ საქართველოს ხელისუფლების არჩევანს – შეენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და არ ჩართულიყო ესკალაციის ლოგიკაში, როგორც ავტომატურად ანტიევროპულ გადაწყვეტილებას? რატომ არ შეიძლება არსებობდეს ევროპული ინტეგრაციის გზა ომის გარეშე?! ეს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები, მნიშვნელოვანია არა ვინმეს დასადანაშაულებლად, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი – რას ეფუძნება რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რამდენად გულწრფელად ხდებოდა ამ პროცესების ახსნა წლების განმავლობაში“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

Back to top button