
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო – ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.
ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები იტალიასთან, მათ შორის, ლომბარდიის რეგიონთან მზარდია. ასევე დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას.
“იტალია და კონკრეტულად ლომბარდიის რეგიონი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები, მზარდი ეკონომიკური ტენდენციები, ბიზნეს მეგობრული რეგულაცია, წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მსოფლიოს სამომხრებლო ბაზრის 1/3-თან, ასევე სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ. განვიხილეთ ლომბარდიიდან ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მათ ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საინვესტიციო პროექტებს და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე და საქართველოს ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.