მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს

საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს. პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმის, პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და საჯარო საკუთრების დაზიანების ფონზე, საქართველომ გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამართლებრივი ზომები, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.

მისვე თქმით, ამ ასამბლეის ზოგიერთი დელეგატი საქართველოში იმყოფებოდა და თავად ნახა, რომ ეს მოვლენები გასცდა მშვიდობიან პროტესტს. თუმცა, ამის მიუხედავად თვალი დახუჭეს თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობაზე.

„იგივე ზომები, რომლებიც გამოიყენება მრავალ მონაწილე სახელმწიფოში მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ ნიდერლანდებში, ჩვენთან დემოკრატიულ უკუსვლად განიხილება. ის, რაც სხვაგან დემოკრატიულ მედეგობად ფასდება, ჩვენთან ხშირად განსხვავებულად არის აღწერილი.

ვინც ფიქრობს რომ რეზოლუციები ან პოლიტიკური კამპანიები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, არასათანადოდ აფასებს ქართველ ხალხს. საქართველო ინარჩუნებს ძალისხმევას დემოკრატიის, რეფორმის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი. იმავდროულად, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

Back to top button