
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრას ტოტის და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივან კრისტიან ბუსოის შეხვდა.
შეხვედრა ბაქოში მიმდინარე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” მე-12 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის” მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე” შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ასევე საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობას, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ამასთან, აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან გეგმაზე და მის მნიშვნელობაზე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკული სისტემისთვის.
შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნის და დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.