თამარ იოსელიანი: ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში”

„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა – გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.

„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

Back to top button