მარიამ ქვრივიშვილი: “ლენდლორდის” მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში”.

მარიამ ქვრივიშვილმა „ლენდლორდის” მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აღნიშნული მოდელის ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ანაკლიაში მოხდეს ძალების გაერთიანება არაერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით, როგორც ოპერატორების ამ შემთხვევაში. აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი”,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, რომლის მფლობელიც იქნება სახელმწიფო.

Back to top button