სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტი ჯოზეფ მილერი: თანდათან ვეცნობი, როგორი მაღალი ხარისხისაა ქართული ღვინოები

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) დელეგაცია სტუმრობდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტი ჯოზეფ მილერი და სომელიეები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან (აშშ, ჩინეთი, მექსიკა, თურქეთი, ბრაზილია, ლატვია).

სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში, იმერეთსა და ქართლში სტუმრობდნენ. რეგიონული ტურის გარდა, ღვინის პროფესიონალებისთვის თბილისში გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია „Walk-around Tasting“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.

„ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში. იგი კვლავაც არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე და თანდათან ვეცნობი, როგორი მაღალი ხარისხისაა აქაური ღვინოები. მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს ხარისხზე ზრუნვა. საქმე მხოლოდ ქვევრში და ღვინის დაყენების მეთოდში კი არ არის, არამედ იმაშიც, თუ როგორ გამოიყენება უამრავი ძალიან უნიკალური ქართული ვიტის ვინიფერას ვაზის ჯიში, რომლებიც კერძებთან საოცრად თავსებადი ჯიშებია და რომელთა შეხამებაც ძალიან ადვილია, როგორც მასპინძლობისა და სერვისის, ისე კულინარიული თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ საქართველოსთან ერთად. საქართველოს შეუძლია ძალიან წარმატებული იყოს საერთაშორისო ბაზრებზე“, –  აღნიშნა ჯოზეფ მილერმა.

ISG მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და აღიარებული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა ღვინისა და სომელიეს პროფესიის სფეროში. ორგანიზაცია ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებს,  როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი სომელიეებისთვის. ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატები ძალიან ფასეულია გლობალურ სარესტორნო, სასტუმრო და მეღვინეობის ბიზნესში. პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას, არამედ მენეჯმენტს, მომსახურების სერვისს, მეღვინეობის ტექნოლოგიასა და კერძისა და ღვინის შეხამების ხელოვნებას. ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში და სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს 14-ზე მეტ ენაზე სთავაზობს.  ISG-ს სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ კურსს.

Back to top button