
ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ მაჭარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს დეტალური ინფორმაცია გააცნო „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსების პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ.
აგროთანადაფინანსების პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში, ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.
სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.
შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თოფურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია ესწრებოდნენ.