მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

Back to top button