
გიორგი გამსახურდია, სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შესყიდვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ხელწერა და არა ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები სენსიტიური თემებით მანიპულირებენ, ბავშვებით სპეკულირებენ და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობენ.
„აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ხელწერა, არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს, აგროვებს კაპიტალს და მძიმე დაავადებით დასნეულებული ბავშვებით სპეკულირებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს. ახლოსაც ვერ მიხვალთ, გაკეთებული საქმეებით „ქართულ ოცნებასთან“, დასაბამიდან დღემდე, ხართ და იყავით აგენტურა, მავნებელები და გადასაშენებლები (პოლიტიკურად, რა თქმა უნდა)“, – წერს გამსახურდია.