
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რაც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს, ვადევნებ თვალს, თუ როგორ უდუღთ სისხლი და რა ისტერიკაში ვარდებიან კოლექტიური „ნაცები“. ორი დღეა, გამწარებულები იცავენ ამ ორ ლაწირაკს, ამ სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის ჯაჭვი შეკრეს“, – წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დაკავებულმა არასრულწლოვნებმა, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი გაწირეს, ხოლო, ამ ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად, ოპოზიციის წარმომადგენლები მოგვევლინნენ, ვინაიდან, მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი.
„ამ პერსონებმა საწყალი გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს. მეტიც, მათ ისედაც სადისტური მიდრეკილებების მქონე პირებს ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთეს და პირდაპირ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯოჯოხეთისკენ უბიძგეს. ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, ნორმალური ადამიანი დუმილს მაინც ამჯობინებდა, ესენი კი გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია საერთოდ აღარ მიკვირს მათი ეს რეაქცია. როგორ უნდა გაგიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკვლელების, მოძალადეების და სადისტების გულშემატკივრობა?! ეს ხომ მათი ფუნდამენტური, ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობაა. მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი. თუ სხვის უბედურებაში და სისასტიკეში თუნდაც მცირე საბაბს დაინახავენ, რომ ხელისუფლებას დაარტყან, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენონ და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადგებიან ნებისმიერი ჯალათის მხარეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად ამტკიცებს ერთ უტყუარ ჭეშმარიტებას: მათი პოლიტიკური დნმ, მათი მთავარი იდეოლოგია თავიდან ბოლომდე მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და ავადმყოფურ სადიზმზეა დაფუძნებული. მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს, ეს არის მათი რეალური, შეულამაზებელი სახე, რომელსაც ვერანაირი ლოზუნგებით ვერასდროს გადაფარავენ!“, – წერს ლიზა გეგეჭკორი.