ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი რუსოფობიას ქართულ საზოგადოებაში მთავარ გამოწვევად და იმსახურებს თუ არა ეს თემა ხელისუფლებისგან ასეთ დიდ ყურადღებას, პრემიერმა უპასუხა, რომ საკითხი „საგანგებო ყურადღებას იმსახურებს“.

მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ჩართულია პოლიტიკური აქტივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.

„დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის „დიფ სთეითის” ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი პოლიტიკური აქტივი- უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, „ენჯეოების“ სახით და თქვენი სახით, მათ შორის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ირაკლი კობახიძემ.

Back to top button