ქართული ღვინის წარდგენა ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში გაიმართა

საერთაშორისო ღვინის კონკურსის, Berliner Wine Trophy-ს ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მიწვეული ღვინის ჟურნალისტების, ჰორეკა სექტორის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა და ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარდგენის შემდეგ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ Berliner Wine Trophy-ს საერთაშორისო ჟიურის 130 წევრს უმასპინძლა ბერლინის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალ ქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და სააგენტოს ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, მეღვინეობის უნიკალური ტრადიციებისა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების წარმოჩენა იყო პროფესიონალური აუდიტორიისთვის.

Berliner Wine Trophy მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსია. იგი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებსა და დეგუსტატორებს, საერთაშორისო ჟიური შედგება ენოლოგების, სომელიეების, ღვინის სპეციალისტებისა და ინდუსტრიის ექსპერტებისგან“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Back to top button