
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი გერმანელი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა ორი ქართველი მეღვინის, ანა მირიანაშვილის (მეღვინეობა ჩელთი) და შოთა ნატროშვილის (თელიანი ველი) თანამონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 12 სახეობის ქართულ ღვინოს.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations“ 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 935 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია.