
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში გაიმართა ცნობილი ქართველი მოჭიდავისა და გმირი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობა ორი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისას ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიღუპა.
ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტსმენები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.