შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა, რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინააღმდეგაც ბოლო დღეებში კამპანიაა აგორებული.

კუჭაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სესხების განულების პროგრამით ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

სამოქალაქო აქტივისტის შეფასებით, ფონდი „ქართუს“ მიერ გაკეთებულ საქმეში პრობლემა როგორც ყოველთვის „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა და ეს ყველაფერი მისივე თქმით, „უბრალოდ უმადურობაა“.

„აბასთუმანი, შეკვეთილი, საჩხერე, თბილისის ურბანული ტყე – ისე როგორ ხდება, რომ ამ სიკეთეებით მხოლოდ საიდანღაც ჩასული ნაცვიზები და ჩერგონავტები არიან უკმაყოფილონი? აბა, იქ მყოფ ხალხს ჰკითხეთ, რა და რამდენი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მათი ყოფის გასაუმჯობესებლად. ხეებს რომ დასდევდით – იმ ხეების გაყიდვით ადგილობრივებმა სახლები შეიძინეს და გაარემონტეს, სახლებამდე მისასვლელი გზები დაეგო და მოწესრიგდა, პარალელურად მოეწყო უმაგრესი და უკონკურენტო დენდროპარკი, სრულიად უფასო მნახველებისთვის.

„სასტუმრო „პარაგრაფი“ თავისთვის აიშენაო“ – იცით მაინც, რამდენი გურული, ქობულეთელი და ადგილობრივია დასაქმებული იმ სასტუმროში? და იმ სასტუმროს აშენებით კიდევ რამდენი ბიზნესი დაინტერესდა იქ ინვესტირებით, რამდენი დასაქმდება ამ მშენებლობებზე და რამდენი ადგილობრივის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ? მიწასაც ფასი დაედო.

ახლა სესხების განულების უპრეცედენტო აქტს მიადგნენ, რომელიც ამ კაცმა თავის თავზე აიღო. პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა.

ამ კაცმა ეს ყველაფერი გააკეთა ეკონომიკის ამოსუნთქვისთვის და რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ ნაცებმა და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა. ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა – უმადურობა, რომელიც ქართველ კაცს არასდროს ახასიათებდა, თუმცა ამ ადამიანებთან რთულია ისაუბრო ქართველობაზე, მადლიერებაზე, სამშობლოსა და სხვა ღირებულებებზე – მათ ეს უბრალოდ არ ესმით, უცხოა მათთვის ყველაფერი ქართული.

ვერ წარმოუდგენიათ, როგორ კეთდება ქართული საქმე, და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველაფერში ნაკლოვანებას“, – წერს შაკო კუჭაშვილი.

Back to top button