
„მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი ეხება საქართველოს გაძლიერებულ როლს შუა დერეფნის დაკავშირებადობაში, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (Georgia International Maritime Forum – GIMF 2026) საუბრისას, რომელსაც ბათუმი 7-8 სექტემბერს მასპინძლობს.
ივანე აბაშიძის განმარტებით, ფორუმს ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პატრონაჟით იმართება. მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი პირადად მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის გახსნის ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, არსენიო დომინგესი.
„წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამართალს და წესრიგს ეხება, რამდენადაც ორგანიზაციები, ინდუსტრიის ის წარმომადგენლები, რომლებიც წლევანდელი ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ, სწორედ ის ადამიანები და ოფიციალური პირები არიან, რომლებიც ამ წესრიგს ქმნიან. შავი ზღვა, როგორც დაკავშირებადობა, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ფორუმის მთავარი საკითხებია. ვიმედოვნებთ, რომ ფორუმის მონაწილეები და სპიკერები იმ მაღალი დონის დისკუსიებს, რომლებიც ღონისძიების ფარგლებში გაიმართება, მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულებენ”, – განაცხადა ივანე აბაშიძემ.