ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 5 კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა. შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ამასთან, 44 კომპანიაში 213 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. აღნიშნული კონტროლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების შესაბამისი ლოტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების – „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ, 66 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა 8 კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა.

იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

Back to top button