
„ეს მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში დაფიქსირებულ ტვირთნაკადებთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-იანი ზრდაა.
„ამავე პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 574 000 TEU შეადგინა, რაც ასევე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება. ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვის ყველაზე მაღალი შედეგია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთის ყველა ძირითად კატეგორიაში”, – აღნიშნა ნათია მიმინოშვილმა.
მისივე განმარტებით, უწყების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისებაა.
„ჩვენი მიზანი არის კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტურობა, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელში”, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის მოადგილემ.