
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან ერთად, ტურიზმის სექტორში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ტურისტულ შესაძლებლობებზე, პერსპექტივებსა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხებზე იმსჯელეს.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი და ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალწლიან და ეფექტიან თანამშრომლობას ორგანიზაციასთან. ასევე ყურადღება გაამახვილა მის უწყვეტ ჩართულობაზე საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტურიზმი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს ეკონომიკაში და რჩება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად – მისი წვლილი საქართველოს მშპ-ში დაახლოებით 9.4%-ია, რაც ასახავს სექტორის არსებით როლს ეროვნულ ეკონომიკაში.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თანამშრომლობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან. აღინიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის დირექტორი კორდულო ვოლმუთერი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი პირები და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები.