ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე

„იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგიის წარმოებას” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

საქართველოში დიდი ჰესების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე.

„ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ძალიან დიდი, მასშტაბური პროექტების განხორციელება, ეს გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ანუ გადამცემი ხაზი, რომელიც 1300 მეგავატიან სიმძლავრეს გაატარებს საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით. ასევე ჩვენ მოვიაზრებთ კიდევ ორ ძალიან დიდ პროექტს: „მწვანე ენერგიის კორიდორი” არის ოთხი ქვეყნის ინიციატივა – საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის, სადაც 4000 მეგავატის სიმძლავრის კაბელით მიაწოდებს ელექტროენერგიას საქართველოს გავლით ევროპულ ბაზრებს. ასევე, უკვე ჩამოყალიბების პროცესშია აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთის ერთობლივი საწარმო, ეს გახლავთ სახმელეთო კორიდორი” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინგა ფხალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების გაზრდილ ინტერესზე. მისი შეფასებით, გარდა საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში არსებული გამჭვირვალე პროცედურები.

„ინვესტორების ინტერესი იგრძნობა და შეიმჩნევა ყოველდღიურად. ეს გახლავთ ასევე ის გამჭვირვალე პროცედურები, რომლებიც სამინისტროს აქვს თავის სხვა საწარმოებთან ერთად, როგორიცაა – სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქსელის უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, ასევე, რასაკვირველია სხვა საწარმოებთან, რომლებიც ჩართულია გენერაცია – გადაცემა მიწოდების ჯაჭვში” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Back to top button