სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ახმეტის აბრეშუმის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ახმეტის აბრეშუმის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 19 სექტემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში გაიმართა.

ფესტივალზე ცენტრმა მეაბრეშუმეობის მიმართულებით არსებული საქმიანობა, აბრეშუმის ნიმუშები და საინფორმაციო მასალები წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ აბრეშუმის წარმოების ტრადიციებს, აბრეშუმის ჭიის მოვლა-გამოკვების საკითხებსა და ქართული აბრეშუმის ისტორიას.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეაბრეშუმეობის მიმართულებით თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნებას, ჯიშების შესწავლასა და სელექციურ სამუშაოებს, დაავადებების კვლევასა და დარგის განვითარებისათვის საჭირო სამეცნიერო საკითხების შესწავლას ახორციელებს.

ფესტივალს ესწრებოდნენ ცენტრის თუთის აბრეშუმხვევიას სანაშენე ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნარგიზ ბარამიძე და მისი გუნდი, რომლებმაც ფესტივალის სტუმრებს ცენტრის საქმიანობა და წარმოდგენილი აბრეშუმის ნიმუშები გააცნეს.

ფესტივალის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა ნარგიზ ბარამიძეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის „ქართული აბრეშუმის მცველი“ სიგელი გადასცა.

ახმეტის აბრეშუმის ფესტივალი საქართველოში მეაბრეშუმეობის ტრადიციის აღდგენას, ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციასა და დარგის განვითარებას ემსახურება. წელს ფესტივალი მეორედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მეაბრეშუმეები და ტრადიციული რეწვის ოსტატები მონაწილეობდნენ.

Back to top button