დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება

2026 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არცერთი მევენახის მიერ წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. გადაწყვეტილება ეხება მათ შორის დაბალი კონდიციისა და სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ ყურძენსაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომაა, რომ ფერმერის მიერ მიღებული მოსავალი მაქსიმალურად სრულად დაბინავდეს.

„ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ თითოეული ტონა უნდა იყოს დაბინავებული და რთველი წარმატებით უნდა დასრულდეს. არ დარჩება არცერთი მტევანი დაუბინავებელი, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რთველის მიმდინარეობისას ცალკეულ შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ითვალისწინებს მევენახეების მხარდაჭერას მაშინაც, როდესაც მოსავლის დაბინავების პროცესში განსაკუთრებული გარემოებები იჩენს თავს.

„იყო შემთხვევა, როდესაც ყურძენი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ფაქტობრივად, წვენის აღებაც კი ვერ მოხერხდა იმისთვის, რომ შაქრიანობა დაგვედგინა. მიუხედავად ამისა, მევენახეს მაინც დავეხმარეთ, რომ მისი მოსავალი დაბინავებულიყო და ჩაუბარებელი არ დარჩენილიყო. ასეთი კრიტიკული შემთხვევების მიუხედავადაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთი მტევანი დაუბინავებელი არ დარჩება“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მოსავლის სრულად დაბინავებასთან ერთად, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წახალისება. სწორედ ამიტომ, განსხვავებული მიდგომა იქნება მაღალი ხარისხის, მაღალშაქრიანი და მაღალი კონდიციის ყურძნის მიმართ.

„იმ მევენახეს, რომელმაც მაღალხარისხიანი ყურძენი მიიღო, განსხვავებული და გამორჩეული შედეგი ექნება. ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება და მევენახესაც მეტ შემოსავალს მოუტანს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Back to top button