
სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეჯამების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში წყალმომხმარებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად, კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამეს, ასევე, იმსჯელეს მორწყვის თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე.
„სარწყავი სეზონის მიწურულს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილზე შევაფასოთ გაწეული მუშაობა და ფერმერებისგან პირადად მოვისმინოთ მოსაზრებები. გურჯაანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მჭიდრო კომუნიკაცია და სერვისცენტრებთან კოორდინირებული მუშაობა იძლევა შესაძლებლობას, სარწყავი წყლის მიწოდება იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. გარდა ამისა, შეხვედრების დროს ფერმერებს ვაცნობთ ინფორმაციას მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რაც, წყლის რესურსის დაზოგვასთან ერთად, მოსავლიანობის გაზრდას უწყობს ხელს“, – განაცხადა მამელი ქობალიამ.