25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება; დინამო არენასთან ქომაგებს ქუჩაში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები დახვდებათ

საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, 25 სექტემბერს  ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად ქალაქს ხმაურით აავსებს და ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ „ქომაგობა არ ჩერდება“.

25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, თბილისში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონები და  ქუჩის ტრიბუნები მოეწყობა, სადაც ქართველი ქომაგები ჩვეული შემართებით, სიმღერითა და ხმაურით გააცილებენ ნაკრებს სტადიონზე.

გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი  სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. ქომაგები ასევე შეიკრიბებიან ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც ასევე მოეწყობა საგულშემატკივრო ტრიბუნები.

„გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს მთელი თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.

მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია და თითოეულ ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, შევიკრიბოთდინამო არენასთანმოწყობილ ტრიბუნებზე, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით და ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება“.

Ask

Explain

ინფორმაციისთვის,  25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას” ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შედის, ქომაგობა ქუჩებში გაგრძელდება – თუ სტადიონი ჩუმადაა, იხმაურებს ქალაქი.

Back to top button