
23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.
„ამ ეტაპისთვის გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ძალიან მცირე რაოდენობის, 38 ათასი ტონიდან – 147 ტონამდე ჩაბარდა მკვახე და უხარისხო. ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მევენახეების დიდმა ნაწილმა ნამდვილად იცის კარგი ყურძნის, ვენახის და ხარისხიანი ღვინის ფასი. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი ყურძნის წილი მოსავალში 100%-მდე გაიზარდოს და არცერთი მტევანი ყურძენი ღვინის სამშობლოში არ იყოს მკვახე და უხარისხო“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს დაფიქსირდა უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, 22 სექტემბერს ცვლილებები შევიდა ჩასაბარებელი ყურძნის დიფერნცირებულ ფასებში და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრა ახალი ფასები.
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან შემდეგი პირობებით ჩაიბარებს:
კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარით განისაზღვრა. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა ფასი 1,00 ლარი იქნება, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.
რქაწითელის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.