
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში გამართულ „Vinoinfluencers World Awards 2026”-ში საპატიო საერთაშორისო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
„Vinoinfluencers World Awards” ღვინისა და ღვინის ტურიზმის სფეროს საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ღვინის პროფესიონალებს, მწარმოებლებს, სფეროს წარმომადგენლებსა და კონტენტ-კრეატორებს აერთიანებს და ღვინისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ღონისძიებამ 34 ქვეყნიდან ღვინისა და ღვინის ტურიზმის სფეროს 150-ზე მეტი კომუნიკატორი და კონტენტ-კრეატორი გააერთიანა. პროგრამა მოიცავდა ღვინის მარშრუტების, ღვინის საწარმოებისა და ვენახების მონახულებას, დეგუსტაციებს, ადგილობრივი გასტრონომიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, ასევე პროფესიულ შეხვედრებს.
ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ესპანეთის წამყვანი ღვინის კომპანიების საწარმოები და ვენახები მოინახულა, გაეცნო მათ საქმიანობას, მონაწილეობა მიიღო დეგუსტაციებში და გამართა საქმიანი შეხვედრები ღვინისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შესაბამის ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.