პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის – „რეფორმების ჯგუფის” კვოტით ასარჩევად წარმოდგენილ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ყოველი წლის დასაწყისში კომიტეტები სამოქმედო გეგმას ამტკიცებენ და ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და რეგლამენტში გაიწერა. მისივე თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტი კომიტეტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იქნა გავლილი.
კომიტეტის სხდომაზე თეონა აქუბარდიამ პნევმატური იარაღის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ხოლო უსაფრთხოების გარემოს გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეხვედრების გამართვა ითხოვა.
„ჩვენი კომიტეტი, სხვადასხვა საკითხებზე, საკმაოდ აქტიურად უსმენს შესაბამის უწყებებს. ეს ეხება როგორც თავდაცვის სამინისტროს, მის სხვადასხვა დანაყოფებს, მათ შორის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს, საქართველოს დაზვერვის სამსახურს და უსაფრთხოების სამსახურს. ყველა ის პრობლემა თუ გამოწვევა, რამაც შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ბუნებრივია კომიტეტის მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებებით, კომიტეტის დახურული სხდომების ფორმატში, საკმაოდ ინტენსიური დისკუსიები გვაქვს. შესაბამისად, კომიტეტი რა ეტაპზეც საჭიროდ ჩათვლის, კონკრეტულ პერიოდში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს მოვუსმენთ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.