გიორგი გაბუნია ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაციაზე: ეს იქნება ადგილი, სადაც მკვლევრებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას, ჩვენი კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს

„ჩვენ მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდით. საფრანგეთში, ლევილში დასრულდა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია. ეს იყო არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობის დაბრუნებაც – პასუხისმგებლობისა, რომ მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის მატერიალური თუ სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა შექმნეს, შემოინახეს და დაიცვეს“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს.

„მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, სივრცე, სადაც მუზეუმი, არქივი, ბიბლიოთეკა, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა ერთიან თანამედროვე, კულტურულ და სამეცნიერო გარემოს შექმნის.

ეს იქნება ადგილი, სადაც მკვლევრებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ემიგრანტებს, შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გაეცნონ ჩვენს ისტორიას, ჩვენი კულტურის ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და ამ მემკვიდრეობასთან უშუალო კავშირი დაამყარონ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ლევილის ქართველთა მამული არის არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრის საფრანგეთში, არამედ მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა იქცეს კულტურული დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ევროპაში.

„ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც კულტურული დიპლომატია სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობის და მეგობრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თეა წულუკიანს, რომელიც იყო ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესის სულის ჩამდგმელი. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, კულტურის სამინისტროს და ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროცესში. ასევე, ოჯახებს, რომელთაც ეკუთვნოდათ ეს მამული და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გამხდარიყო საერთო-სახალხო საზოგადო საკუთრება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის – იგი საქართველოს და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ იქცეს ეს უმნიშვნელოვანესი ადგილი ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან ცენტრად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

Back to top button