
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ალბანეთში მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას ეძღვნებოდა. აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული.
კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ცალსახა გზავნილები ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, თავის ორმაგ სტანდარტებს. ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც გაჟღერდა, რომ მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელიც ბრიუსელს კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით აქვს. უფრო მეტიც, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე პანელურ დისკუსიების ფარგლებში, ჩვენ ჩვენი მხრიდან დავაფიქსირეთ პოზიციები და ღიად განვაცხადეთ, რომ პროცესი, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, იმ მიღწევებსა და დამსახურებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომელიც, ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.