მდიდარი ენჯეობის მორიგი ცრუ ანგარიში გაეროში – უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ამჯერად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ

მორიგი შეტევა ქართული სახელმწიფოსა და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ. რას ცდილობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანით?

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან. აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალურ მომხსენებელს 2026 წლის 28 სექტემბერს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ციხის მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს”.

საიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად დასახელებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი. დოკუმენტში მოყვანილია შესაბამისი სტატისტიკა იმის საჩვენებლად, თითქოს ბოლო წლებში პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ცუდად მუშაობს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ 2023 წელს ვადამდე გათავისუფლდა 708 პირი, 2024 წელს – 545 პირი, ხოლო 2025 წელს – 339.

სინამდვილეში, მიმდინარე წლის მონაცემები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი. კერძოდ, მხოლოდ 8 თვის, იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ეს მაჩვენებელი 861-ს შეადგენს.

შესაბამისად, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სრულიად გადაუმოწმებელი და ქვეყნის ინტერესებისათვის დამაზიანებელი ანგარიში მიაწოდა, რასაც პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული დისკრედიტაციის ტალღა მოჰყვა, რომელშიც რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული მედია და ე.წ. ენჯეო-სექტორი ერთობლივად ჩაერთნენ.

ამრიგად, საია-ს ანგარიში იმ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის საყრდენად იქცა, რომელსაც დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. დარგის ექსპერტები აქტიურად ტირაჟირებენ.

Back to top button