გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის, ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა, ესტონეთის თხოვნით, რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის.

„სულ ახლახან, საფრანგეთის მოთხოვნით, სანქციებიდან ამოიღეს რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი – მეტალურგიის, სამთო-მოპოვების, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროების ბიზნესმენი; სლოვაკეთის მოთხოვნით კი სანქციები აღარ გაუგრძელდა „ალფა-ბანკის“ თანადამფუძნებელ მიხაილ ფრიდმანს, რომლის სანქციების მოხსნასაც ლუქსემბურგიც ითხოვდა.

ახლა კი ესტონეთის [კაია კალასის სამშობლოს] მოთხოვნით, ახალი სანქციების პაკეტიდან ამოიღეს რუსული კომპანია და მასთან დაკავშირებული პირი. კომპანია სტრატეგიულ ნედლეულს აწვდის ესტონურ NPM Silmet-ს, რომელიც იშვიათ მიწა მასალებს ამუშავებს და მის პროდუქციას ევროპული ელექტრომობილების, ქარის ტურბინების, ელექტრონიკის, საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიები იყენებენ.

ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ კი – საკუთარი თავისთვის. და როცა წესების დამწერი მათ პირველივე შესაძლებლობისთანავე გვერდს უვლის, ყველაზე ხმამაღლა სწორედ მისი მორალური ავტორიტეტის სიცარიელე ისმის“, – წერს აბაშიძე.

Back to top button