
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ.
არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები გ. კ. (მის: ტრანსპორტის ქ. N1), ც.ქ. (მეტროსადგურ „დიდუბის” მიმდებარე ტერიტორია) , ნ.კ. (მეტროსადგურ „დიდუბის” მიმდებარე ტერიტორია)- არ იყვნენ რეგისტრირებულნი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია).
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.
სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.