
ინიციატივა „მომავლის ფერმერი“, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება აგრარულ სექტორში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ცნობიერების ამაღლება და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
ინიციატივის ფარგლებში საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა ბათუმში, ქუთაისში, ხაშურში, ზუგდიდსა და ფოთში. შეხვედრებმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, მიეღოთ ინფორმაცია აგრარულ სფეროში არსებულ საგანმანათლებლო და პროფესიულ შესაძლებლობებზე, დაფინანსების პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომლებიც მათ სამომავლო საქმიანობის დაგეგმვასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში დაეხმარება.
ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობას, მის ძირითად მიმართულებებსა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას აგრარული სექტორის განვითარებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესში.
შეხვედრების დასასრულ, მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები, რომელთა მიზანი მათი ინტერესების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენა იყო. მიღებული ინფორმაციის გაანალიზება შესაძლებელს გახდის, დაიგეგმოს ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული შემდგომი აქტივობები და მათთვის საჭირო ინფორმაციისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.
ინიციატივა „მომავლის ფერმერი“ გრძელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის აგრარულ სექტორში არსებული შესაძლებლობების უკეთ გაცნობას, მათი პროფესიული ინტერესების მხარდაჭერასა და რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებულობის ზრდასა და მათთვის აგრარულ სფეროში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.