ზაზა შათირიშვილი: მუდმივად თვალს ვადევნებთ „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც ჯორჯ ორველის „1984“-სა და ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროში“ აღწერილ ტოტალიტარულ მექანიზმებსა და საზოგადოების მართვის ფორმებს მიმოიხილავს.

ფილოსოფოსის შეფასებით, ორივე რომანი კაცობრიობის მომავლის გაფრთხილებად ითვლება, სადაც ინდივიდუალიზმი განადგურებულია, ხოლო ისტორია წაშლილი. მისივე თქმით, მათ შორის არსებობს განსხვავებას, რაზეც შათირიშვილი წერილში აღნიშნავს.

ფილოსოფოსი აღნიშნავს, რომ ორივე წიგნში აღწერილი კომპონენტები დღეს ე.წ. დასავლურ „მეინსტრიმულ“ მედიასა და გლობალური ელიტების მართვის მეთოდებში ვლინდება.

„1984“-სა და „საოცარ ახალ სამყაროზე“ საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი ერთგვარ გაფრთხილებად და წინასწარმეტყველებად ითვლება, თუ საით შეიძლება განვითარდეს კაცობრიობის მომავალი. ორივე მათგანში აღწერილია საზოგადოება, სადაც ინდივიდუალიზმი, ფაქტობრივად განადგურებულია, წაშლილია წარსული და ისტორია, მართვის სადავეების შენარჩუნებისთვის მიმდინარეობს ტოტალური კონტროლი, აზროვნება კი შეზღუდულია.

ამის მიუხედავად, მკაფიოდ ჩანს კონკრეტული განმასხვავებლებიც. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმად გართობა და სიამოვნება გამოიყენება, ორუელი ისეთ მოცემულობას აღწერს, სადაც სისტემა ადამიანებს შიშით და ძალადობით მართავს. „საოცარ ახალ სამყაროში“ სიმართლეს, რომელიც არავის აინტერესებს, არავინ მალავს, თუმცა ის კარგად არის ჩამარხული უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, „1984“-ში კი ყველანაირი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება.

ამის გარდა ორუელისეულ რეალობაში სახელმწიფო მუდმივად ნეგატიურ ემოციებს – შიშს, ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს, ბავშვებს ჯაშუშებად ზრდის და საკუთარი მშობლების დაბეზღებას ასწავლის, ჰაქსლისეულ დისტოპიაში კი, ძლიერი ემოციები, ფაქტობრივად, აკრძალულია, მოსახლეობა ხელოვნურად შექმნილ კმაყოფილებას განიცდის, ოჯახური ურთიერთობები კი აღარ არსებობს, ბავშვები ლაბორატორიებში იბადებიან, მშობლის ცნება კი წარსულის სამარცხვინო მხარედ მიიჩნევა.

რამდენად ახდა ამ ორი წიგნის გამოცემიდან ათწლეულების შემდეგ მათი ავტორების გაფრთხილება, ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, კონკრეტული ელემენტები და კომპონენტები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, დღეს აშკარად იკვეთება იმ გლობალური ოლიგარქიული ძალების მეთოდებში, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მმართველებზე პირდაპირი გავლენით სარგებლობენ. ფაქტობრივად, თავად მართავენ საერთაშორისო მედიასივრცეს და ხელი უდიდეს ეკონომიკურ რესურსებზე მიუწვდებათ.

დღევანდელ ე.წ. დასავლურ “მეინსტრიმულ” მედიას თუ დავუკვირდებით, მარტივი დასანახავია, რომ ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება, პარალელურად კი უამრავი უსარგებლო ინფორმაციის მიღმა, მართლაც შინაარსობრივი საკითხები ისეა მიჩქმალული, რომ, რაც შეიძლება ცოტა ადამიანის აზრი მიიპყროს.

ამავდროულად, მუდმივად თვალს ვადევნებთ „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიისა და გაუკუღმართებული ღირებულებების თავს მოხვევის გამუდმებულ მცდელობას, მედიაში წახალისებული ისეთი მოსაზრებები, რომელიც თავისუფალი ურთიერთობების დადებით მხარეებსა და ოჯახური ღირებულებების დაკნინებისკენ არის მიმართული, პარალელურად კი, კონკრეტული, ხელოვნურად ბედნიერების გამომწვევი სუბსტანციების გავრცელება უკონტროლო ხდება. რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ სახელმწიფოები, მცირე გამონაკლისების გარდა, მათ ლეგალიზაციაზე უარს აცხადებენ.

დღევანდელ დასავლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაში, არ არსებობს დიდი ქალაქი, სადაც, სურვილის ქონის შემთხვევაში, ადამიანი არალეგალური ნივთიერების შეძენას ვერ მოახერხებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ღირებულებებისგან დაცლილი, ზედაპირული სიამოვნების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული ერთგვაროვანი მასის ჩამოყალიბებაა, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში მყოფი, ყველაზე მარტივი საკონტროლებელი იქნება, პარალელურად კი შეასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი ელიტა გადაწყვეტს“,- წერს ზაზა შათირიშვილი.

Back to top button