
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სამუშაოებს, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონშიც.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუშჩუში, წმინდა გიორგის მიმყვან არხზე გადამღვრელი კვანძი მოეწყო. განხორციელებული სამუშაოები გააუმჯობესებს წყლის რეგულირების პროცესს და ხელს შეუწყობს დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვას.
საექსპლუატაციო სამუშაოები დასრულდა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. ვაზიანის მიმყვან არხზე მოწყობილი გადამღვრელი კვანძი ჭარბი წყლის დროულად გადაღვრას უზრუნველყოფს, რაც წყლის რეგულირებას გაამარტივებს. აღნიშნული არხით დაახლოებით 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის გასარწყავიანებულ ფართობებს, რაც გადამწყვეტია სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის.