
ეკონომიკური ფორუმი „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.
ფორუმის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, აგრარული პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
მისასალმებელ სიტყვაში დავით სონღულაშვილმა საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე, დარგის ეკონომიკური და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისა და სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი შედეგიანი იქნება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგროდაზღვევის განვითარება ის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებზეც ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ ქართული აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანად გამოვიყენოთ მისი პოტენციალი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ფორუმის პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა სახელმწიფო აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე, საინვესტიციო გარემოს განვითარებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფაზე, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერებაზე, აგრეთვე აგროდაზღვევისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე.
დისკუსიაში დავით სონღულაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმაა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ქვეყნის წინაშე არსებულ აქტუალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილია.