სეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციასა და ქართულ ღვინის ფესტივალს, რომელსაც 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები. დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა. ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარადგინა.

აზიის რეგიონში, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, კორეის რესპუბლიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. სეულში ქართული ღვინის მსგავსი ფორმატის ღონისძიება უკვე მეხუთედ ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com“ კორეის რესპუბლიკაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ პლატფორმაა. დარგის ექსპერტების მიერ შექმნილი პორტალი მომხმარებლებს კორეის ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ასევე ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგულ საქმიანობას.

ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად უჭერს მხარს. სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა „Seoul International Wine and Spirits Expo“ და „Daejeon International Wine Festival“.

Back to top button