
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის საწარმოთა განვითარების სააგენტოს (Enterprise Singapore) მმართველი დირექტორის მოადგილეს ჯონ ტეოს შეხვდა.
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Enterprise Singapore-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ქვეყანაში ოთხი გლობალური აქსელერატორის – Plug and Play-ს, Startupbootcamp-ის, 500 Global-ისა და Founder Institute-ის წარმატებულ საქმიანობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.
ქართულმა მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციური იდეების ბიზნესად გარდაქმნის ხელშეწყობის პროცესში.
შეხდვერას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.
საქართველოს დელეგაცია სინგაპურში აზიის ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH – ის (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში იმყოფება. კვირეულში საქართველო ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia” პირველად იქნება წარმოდგენილი.