
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით მიმდინარე პროგრამები, ასევე რეგიონული გეოპარკების ინიციატივა განიხილეს.
„გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტების განხორციელებაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული გეოპარკების ინიციატივას, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობას ქმნის. მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა საერთო პრიორიტეტებზე და ხელი შევუწყოთ სასურველი მიზნების მიღწევას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით UNDP-ისა და კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამაზე, რომელიც შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის ჩართულობით ხორციელდება. პროგრამა 11 მდინარის აუზში მდებარე მაღალი რისკის 100 თემს მოიცავს და კლიმატური მდგრადობის გაძლიერებას, კატასტროფების რისკის მართვას, ადრეული გაფრთხილებისა და კლიმატური ინფორმაციის სისტემების განვითარებას ითვალისწინებს.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.