გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია – ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის

ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისს დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქციის დარბევას იხსენებს და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლთა ისტორიები საზოგადოებას კვლავ ახსენებს, რა მძიმე პერიოდს გადაურჩა საქართველო 2012 წელს.

აბაშიძის განცხადებით, დარბევისას ახალგაზრდებს რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, 39 აქტივისტი კი, მძევლად აიყვანეს და არა უბრალოდ დააკავეს.

აბაშიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია და ამ პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური სივრცე სამართლებრივად უნდა დატოვოს.

„ცინიკოსი ნაცჯალათებისა და მათი აპოლოგეტების ადგილი პოლიტიკაში არ არის! ადამიანები, რომელთა ოჯახებიც და ცხოვრებაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკემ გაანადგურა, დღესაც დაცინვისა და შეურაცხყოფის სამიზნეები არიან მანქურთების მხრიდან. ერთი კონკრეტული მაგალითი უამრავთაგან – დაჩი ცაგურიასა და სხვა თანამემამულეთა სულის შემძვრელი ისტორიები ნათლად გვახსენებენ, რას გადაურჩა საქართველო 2012-ში და რამდენად დროულად დაესვა წერტილი ნაცმოძრაობის პარპაშს ქვეყნის სათავეში.

ასეთი პოლიტიკური ძალა სამართლებრივადაც უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან! 2009 წლის 15 ივნისი, დიღომი. სააკაშვილის რეჟიმმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია. ახალგაზრდებს რკინის ხელკეტებით უსწორდებოდნენ, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, 39 აქტივისტი კი ნაცჩაფრებმა მძევლად აიყვანეს და არა დააკავეს. ეს ყველაფერი პირადად მახსოვს — მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვიყავი.

დარბევისას, ჩემს ევროპელ კოლეგასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მალე ვიყავით. პოლიციის შენობის მიმდებარე კორპუსებში დამალული რამდენიმე ადამიანი მანქანით უსაფრთხო ადგილას გავიყვანეთ. იმ პერიოდში, პიტერ სემნების დროს, თბილისიდან ბრიუსელში რეჟიმის დანაშაულებზე არაერთი უმწვავესი ანგარიში იგზავნებოდა. ევროკრატიის რეაქცია? მაშინაც დუმილი და ფარისევლობა — დღესაც სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარება და საქართველოს ხელისუფლებისთვის ყალბი ბრალდებების წაყენება. ფსევდოლიბერალური დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტი — მოძალადეების დაცვა, მსხვერპლთა ტკივილის უგულებელყოფა და საქართველოსთვის მორალის კითხვა — ევროპული ღირებულებების დაცვა კი არა, მათი თავიდან ბოლომდე ღალატია,“ – წერს აბაშიძე.

Back to top button