
მუხრანის ველის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა, მუხრანის ველის სივრცის განვითარების გეგმის კონცეფცია და პრიორიტეტული საინვესტიციო გეგმა (PIP) წარადგინეს.
განხილვისას ყურადღება გამახვილდა ტერიტორიის განვითარების ხედვაზე, შემოთავაზებულ სივრცით გადაწყვეტებზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და საინვესტიციო პრიორიტეტებზე.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტთან კოორდინაცია, ადგილობრივი ინტერესებისა და პრიორიტეტების განხილვა წარმოადგენდა. ასევე, მოსაზრებების შეჯერება გეგმის შემდგომი დამუშავებისთვის.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები.
მუხრანის ველის სივრცის დაგეგმარების გეგმა მზადდება სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით. სააგენტოს კოორდინაციით, გეგმის შემუშავებაზე მუშაობს საკონსულტაციო ორგანიზაციების კონსორციუმი: ARUP, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და PMCG.