ირაკლი ზარქუა: ბატონო ჰერჩინსკი, გვაინტერესებს, როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, თურმე აზრის გამოხატვა და დემოკრატიაა, ხოლო, საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ჰერჩინსკის მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი იმასთან დაკავშირებით, თუ რა თემაზე გვქონდეს დისკუსია. არა, ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ სხვა თემებზე გვინდა თქვენთან და თქვენს წარმომადგენლებთან დისკუსია.

ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონს“ თქვენ დაარქვით რუსული კანონი, ხოლო საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სახელმწიფოებში მიიღეთ უფრო მკაცრი გამჭვირვალობის კანონი და იქ ცდილობთ, ამით თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, სხვა კითხვებიც დაუსვა. კერძოდ, ზარქუა შეეხო ევროპული სტრუქტურების მხრიდან საფრანგეთსა და საქართველოში პოლიციელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის განსხვავებულ შეფასებებს. ის ასევე დაინტერესდა, როგორ ხდება ისე, რომ საქართველოს ევროკომისიის ყველა კვლევასა და ნდობის რეიტინგში წამყვანი პოზიციები უკავია, თუმცა „ჰერჩინსკი და მისი სამეგობრო“ ქვეყანას მაინც „აშავებენ“.

„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია თემაზე – როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა თურმე რადიკალების მხრიდან აზრისა და თავისუფლების გამოხატულება და დემოკრატიაა, ხოლო საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის იმ ახალგაზრდებს რადიკალებად მოიხსენიებთ და, უფრო მეტიც, მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს?!

ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს დისკუსია იმაზეც, თუ როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, შემტვრევასა და შტურმით აღებაზე ხმას არ იღებთ, ჩირგვებში ხართ შემძვრალი, ხოლო ევროპაში გამართული გამოსვლებისას იმ ახალგაზრდებს, რომელთაც, ჩემი პირადი აზრით, სამართლიანი მოთხოვნა აქვთ, რადიკალებსა და ტერორისტებს უწოდებთ?!

ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვინდა დისკუსია თქვენთან და თქვენს უკან მდგომ იმ გუნდთან, ვინც ჩემს ქვეყანას „აშავებს“. როგორ ხდება ისე, რომ ევროკომისია, რომელიც თქვენივე სტრუქტურაა, და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თქვენივე დაფინანსებულია, წერენ საქართველოზე, რომ ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური ეკონომიკა, მიმზიდველია საერთაშორისო ბიზნესისთვის, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ და მართლმსაჯულების ნდობით – საუკეთესო სამეულში… როგორ ხდება ასე, რომ ამის ფონზე თქვენ და თქვენი სამეგობრო მაინც ჩვენს ქვეყანას „აშავებთ“?!“, – აღნიშნა ზარქუამ.

როგორც მან დასძინა, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებდა, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა (მაგალითად, ლატვიამ) საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლით გადაასწრეს.

ზარქუამ პარალელი გაავლო აშშ-ის ყოფილ ელჩთან, კელი დეგნანთან და აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკიც მის მსგავსად დაასრულებს დიპლომატიურ კარიერას, ვინაიდან, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებაზე ეზრუნა, ყველაფერი გააკეთა მათ შორის უფსკრულის კიდევ უფრო გასაზრდელად.

„ბატონო ჰერჩინსკი, გვაინტერესებს, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისროდნენ საქართველოში და ცოცხლად წვავდნენ ჩვენს პოლიციელებსა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შემდეგ კი ევროპული ფონდების დაფინანსებით გამართულ აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებას ახდენდით – სად იყავით, რატომ არ დაგმეთ, რატომ არ გამოხვედით? ჩვენ ამ თემებზე გვინდა დისკუსია.

ბატონო ჰერჩინსკი, გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ საქართველოს მოუწოდებდით, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამ დროს კი თქვენივე წევრმა სახელმწიფომ, ლატვიამ, რომელსაც ღვინოც კი არ მოჰყავს, რუსეთთან ვაჭრობაში გადაგვასწრო?! როგორ ხდება, რომ კაია კალასი ჩვენ გვაკრიტიკებს და სანქციებისკენ მოგვიწოდებს, ხოლო მისი მეუღლე დღემდე ვაჭრობს და მილიონებს აკეთებს რუსეთთან?! ბატონო ჰერჩინსკი, ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია.

და ბოლოს: ჩვენ მკაცრი დისკუსია გვმართებს და თქვენს ინტერესებშია, გავიგოთ, ვინ გაიძულებთ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ საქართველოში, რადგან თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა დეგნანმა გააფუჭა და წავიდა პენსიაზე, ზუსტად ასე გელით თქვენც, სამარცხვინოდ ამოწურავთ თქვენს მისიას საქართველოში. იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის, უმაგრესი კულტურის, ხალხისა და ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი უფსკრული გაჩენილიყო. ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია და მოველით, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო ამ დისკუსიას დათანხმდებით“, – დასძინა ზარქუამ.

Back to top button