საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2022 წლის 3 მარტს, ეუთოს მიერ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
“საქართველომ, ეუთოს 44 მონაწილე სახელმწიფოსთან ერთად და უკრაინის მხარდაჭერით, მოახდინა ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ინიცირება, რაც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გავლენის გამოძიებას, მათ შორის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესაძლო შემთხვევების შესახებ,” – აღნიშნულია Twitter-ის განცხადებაში.
აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს უკრაინაში ექსპერტთა ფაქტების დამდგენი მისიის წარგზავნას, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრითა და ომით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული შედეგების გამოსაკვლევად.
ზემოხსენებული მექანიზმის შედეგად ამოქმედებულ ექსპერტთა მისიას, შესაძლებლობა ექნება დაადგინოს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების, ასევე ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული და განურჩეველი თავდასხმების შესაძლო ფაქტები და გარემოებები.
ექსპერტთა მისიის მოვალეობაში შედის ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაანალიზება, რათა იგი შესაბამის ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, ასევე ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო სასამართლოებსა თუ ტრიბუნალებს წარუდგინოს.
საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიას და განაგრძობს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.